სიახლეები


სახის კანის მოვლა


მიიღე ვიტამინები
ახალი, ცოცხალი უჯრედები ცვლიან მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირზე. ახალი უჯრედების ზრდის სისწრაფე დამოკიდებულია ვიტამინებზე, მინერალებზე და ჰიდრატაციაზე.
ვიტამინი A- ზოგადად პირდაპირ სახეზე გამოიყენება, მაგრამ რომ მიირთვათ სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, ნესვი არ გაწყენთ. ხოლო სახის ზედაპირზე კვერცხის გული, რძის ნაწარმი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ვიტამინი B- ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს. კვერცხი, ღვიძლი, ბოსტნეული
ბიოტინი- B ვიტამინების კომპლექსის ნაწილი. საჭიროა თმის ცვენის და დერმატიტის თავის ასარიდებლად. ასევე ფრჩხილების გასამაგრებლად.
ვიტამინი C-კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და ამაზეა დამოკიდებული კანის სტრუქტურა, ელფერი და ელასტიურობა. მარწყვი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, კივი, სალათის ფურცლები, კენკრეული, პამიდორი
ვიტამინი D-არსებითია სახის კანის უჯრედების განვითარებაში კვერცხის გული, ორაგული, რძე და რძის ნაწარმი
ვიტამინი E- ეხმარება კანის ჯანმთელი ქსოვილის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას სალათის ფურცლები, თხილეული, გაუცრელი მარცვლეული (цельные зерна, whole grains)
ცხიმი- მნიშვნელოვანია რბილი კანისთვის და ბზინვარე თმებისთვის ზეითუნის ზეთი, ავოკადო,  თევზეული, კაკალი, ნიგოზი
დალიე წყალი
გაუწყლიანებამ კანის სიმშრალე იცის. ასე რომ მიეძალე ხილს, ბოსტნეულს, სუპებს და დღეში 2 ლიტრა წყალს. ზამთარში ძალიან ძნელია, მე პირადად არ მწყურდება მაგრამ ვცდილობ 1 ლიტრა მაინც დავლიო, ანუ 4 ჯიქა წყალი.
ივარჯიშე
ვარჯიშის დროს გულის სიჩქარის მატება იწვევს სხეულში სისხლის მოძრაობის გაზრდას, კანს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და ასევე სხეულც იწმინდება ტოქსინებისგან როცა ვოფლიანობთ. დღეში 20 წუთიც საკმარისა.
გამოიძინე
Beauty sleep, Schoenheitschlaf ხომ გაგიგიათ? ტყუილი არ არის. სხეული ამ დროს აღადგენს უჯრედებს.
შეამცირე მზის აბაზანები
რომელი ჟურნალიც არ უნდა გადაფურცლო, ტელევიზია, რადიო, ყველგან იუწყებიან რომ მზის აბაზანები ადრეულად აბერებენ კანს, იწვევენ ნაოჭებს, კანის ელასტიურობის ამცირებენ რომ აღარ ვთქვათ კანის კიბოზე. მესმის, ვიცი, ზეპირად ვიცი. მაგრამ ვერ ვიტან SPF 30!
არ მოწიო
ამის გაგონებაც არ მინდოდა. მაგრამ რას ვიზამ, საჭირო იყო და ძალიანაც ვამაყობ ამით. შედეგი მართლაც და სახეზეა. სიგარეტი აზიანებს იმ ძარღვებს რომელიც კანს ჯანგბადით და საკვებით ამარაგებს. შესაბამისად სახის კანი ნაცრისფერია და ელასტირუობაც კლებულობს.
მოერიდე სტრესს
სტრესი, არამშვიდი გარემო (ჰორმონების თამაში) იწვევს კანის გაღიზიანებას და კანის პრობლემებს. მე სებორეა მქონდა და სტრესის დროს მირთულდებოდა. ასე რომ არ ინერვიულოთ.
ეს ზოგადი რჩევებია. სეზონის ცვლილება, ორსულობა, სტრესი, მგზავრობა, წამლები და კიდევ სხვა ფაქტორები ზეგავლენას ახდენენ სახის კანზე და მას შესაბამისი მოვლა სჭირდება.












აზიანებს თუ არა მაკიაჟი სახის კანს?


მაკიაჟის მიზანია რომ უფრო გავლამაზდეთ და ხაზი გაუსვათ ჩვენს ლამაზ ნაკვთებს და შესაბამისად თუ რამე დასამალია, დავმალოთ. თუმცა ეს ბევრისთვის არ არის საკმარისი მიზეზი რომ ხელში აიღოს ფუნჯი და წაისვას ტონალური, შეიღებოს თვალები, და გადაისვას რუმიანა და გადალახოს იმის შიში რომ მაკიაჟმა შეიძლება სულ გაუფუჭოს კანი.
აზიანებს მაკიაჟი სახის კანს?
პირველი უნდა ვახსენო ის, რომ არ არის გამორიცხული ნებისმიერმა პროდუქტმა, იქნება ეს სახის კრემი, ტონალური, თუ რუმიანა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია იმისდამიხედვით თუ რომელიმე შემადგენელ ნაწილს თქვენი სახის კანი ვერ იღებს. ეს გამოიხატება სახის კანის წვა და ქავილში, სიწითლეში, კანის შეშუპებაში, ა.შ.
კანის გაღიზიანება ასევე ახასიათებს მგრძნობიარე კანს და შესაბამისად ისეთ პროდუქტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როემლიც განკუთვნილია ამ ტიპის კანისთვის. ყურადღება მიაქციეთ იმ კოსმეტიკას რომელსაც აწერია hypoallergenic ან/და sensitive skin, რადგან ეს პროდუქცია არ შეიცავს სუნამოებს, კონსერვანტებს რამაც შეიძლება გააღიზიანოს მგრძნობიარე კანი.
მაკიაჟს შეუძლია გამოიწვიოს მუწუკები, თუ თქვენ არ იცავთ ელემენტარულ წეს, როგორიცასაღამოს/ძილის წინ მაკიაჟის მოცილება და იძინებთ ყველაფრით სახეზე.
ასევე მაკიაჟი უნდა მოიცილოთ ეგრევე ვარჯიშის შემდეგ თუ მანამდე ვერ მოახერხეთ.გაუწმინდავი ფუნჯებიც ბაქტერიების ბუდედ შეიძლება იქცეს.  თუ ხშირად იკეთებთ მაკიაჟს, მაშინ კვირაში ერთხელ გარეცხეთ ფუნჯები. ფუნჯების შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
თუმცა ზოგი კოსმეტიკა (განსაკუთრებით თხევადი და კრემოვანი პროდუქტები) შეიცავს ისეთზეთებს რომელიც ბლოკავენ ფორებს და იწვევენ გამონაყარს სახეზე. ამის თავის ასარიდებლად გამოიყენე oil-free კოსმეტიკა. ასევე მიაქციე ყურადღება წარწერას noncomedogenic, რაც ნიშნავს რომ პროდუქტი ფორებს არ ბლოკავს და nonacnegenic, ანუ არ იწვევს აკნეს/გამონაყარს.
წესი, რომლითაც მე პირადად ვსარგებლობ, არის ძალიან მარტივი. თუ შევიძინე ახალი კოსმეტიკა და შევატყვე რომ ან გამონაყარი გამიჩნდა, ან უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, იქნება ეს სიმშრალე, თუ სიწითლე სახეზე, ერთი სიტყვით თუ არ მომიხდა, მაშინ უბრალოდ ვწყვიტავ მის მოხმარებას.
რჩევა: გულდასაწყვეტია თუ პროდუქტი გადასაგდებია და ფული ტყუილა დახარჯეთ. რჩევა იქნება თუ ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის წინ თხოვთ გამყიდველს  მოგცეთ ტესტერი ან მოგითავსოთ პატარა ქილაში იმდენი რაოდენობის რომ ორი სამი დღე შეძლოთ ამ კოსმეტიკის გამოყენება და მასზე დაკვირვება.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დაძველებული პროდუქტები. სხვადასხვა პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ იხილეთ აქ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრს ეშინია მაკიაჟის და სახის კანის გაფუჭების, და ამავდროულად უმოწყალოდ ყოველგვარი დამცავის გარეშე ეფიცხებიან მზეს, რომელიც ნამდვილად აზიანებს და აბერებს კანს. გამოიყენე დამცავი. მაინც დაიზაგრები, ოღონდ შედარებით ნელა და ისე რომ არ დაიწვები.
თუ სახის კანს კარგად მოუვლი და გამოიყენებ ხარისხიან კოსმეტიკას ამით სახის კანს  არ დაიზიანებ!


აუცილებელი ფუნჯები მაკიაჟისთვის

კარგი მაკიაჟი არამარტო მოხდენილი ფერებით იწყება,  არამედ მაკიაჟის ეფექტურობას სწორად შერჩეული ფუნჯები განაპირობებს. თუ ფუნჯებით არ გისარგებლიათ, თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ რომ რთულია მათი ხმარება, მაგრამ ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით თუ რამდენად დაგეხმარებათ ლამაზად და სწორად გადაინაწილოთ ფერები სახეზე, თვალებზე, ჯანსაღი ფერი შემატოთ ლოყებს, და სხვა უამრავ წვრილმანს კარგად გაართვათ თავი.რა თქმა უნდა, პროფესიონალი ვიზაჟისტები სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს თითითაც ანაწილებენ სახეზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნჯი, რომლის ქონა აუცილებელია და განიხილება როგორც არსებითი მაკიაჟის ყველა მოყვარულისათვის.

1) წარბების ფუნჯი

მარტო თმების დავარცხნა არ კმარა, თქვენს წარბებსაც სჭირდება ჯაგრისით დაყენება. ქვემოთ ჩამოწეული წარბებები არამც და არამც მიმზიდველი არაა. რჩევა 1:სასურველია  ისეთი ფუნჯი გქონდეთ, რომლის ერთი მხარე წარბებს დავარცხნის, მეორე ბოლოთი კი წარბებზე ფერს  ან თვალზე eyeliner-ს დაიტანთ. რჩევა 2:წარბების დასავარცხნად  თვალის ტუშის ჯაგრისიც გამოდგება. გამოყენებამდე სასურველია ბავშვის შამპუნით  კარგად გაასუფთავოთ და გაწმინდოთ.

2) თვალის ჩრდილის ფუნჯი

ეს ფუნჯი ქუთუთოზე ჩრდილების  კარგად დადებასა და გადანაწილებაში დაგეხმარებათ. ფერის კარგად წასმა ნიშნავს რომ უხეში ზოლები არ გქონდეთ თვალებზე, რაც ხშირად მუქი ფერის  ჩრდილების წასმის დროს გვრჩება, როცა ფერი ქუთუთოზე კარგად არ არის შერეული. ფუნჯი რბილი, ბუნებრივი მასალის და  მომრგვალო ფორმის უნდა იყოს.

3) რუჟის/რუმიანას ფუნჯი

თუ ”რუმიანა” შეიძინეთ და მას ფუნჯი მოყვება, გადააგდეთ მაშჳნვე. დამიჯერეთ, არ ღირს მისი გამოყენება. უამრავი რუჟი შემიძენია და რაც კი მათ ფუნჯები მოჰყვებოდა არც ერთი არ ვარგოდა, რადგან ყოველთვის პატარა, წვრილი და  უხეში იყო. შეიძინეთ ერთი,  კარგი ხარისხის (ბუნებრივი მასალის, რბილი) ფუნჯი  და ”ა ლა მატროშკა” აღვარღვარებული ლოყები დაივიწყეთ. ფუნჯს გვერდები ცოტათი ”მოტეხილი” უნდა ჰქონდეს.

4) ტონალური კრემის ფუნჯი

ეს ფუნჯი იდეალურია ერთიანი, სწორი, გლუვი სახის კანის ეფექტის მისაღებად. სინთეტიური მასალა და ბრტყელი თავი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

5) პუდრის ფუნჯი

როგორც ფხვიერი, ისე კომპაქტური პუდრის სახეზე წასმაში ზუსტად რომ ეს ბუნებრივი და რბილი მასალის  ფუმფულა ფუნჯი დაგეხმარებათ. სახეზე წასმის წინ დაფერთხეთ ფუნჯი ერთხელ, რომ ზედმეტი პუდრი მოაცილოთ  და შედეგად აჭრელებული სახე არ გქონდეთ.

*არჩევანი*

მაკიაჟის ზოგი ფუნჯი ბუნებრივი, ზოგი კი სინთეტიკური მასალისგან მზადება. არჩევანი დიდი მაგრამ სწორი მათ შორის მხოლოდ ერთია. მაშ რა ვქნათ? როდის რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? ბუნებრივი მასალის   (ციყვის, თხის, სიასამურის ბეწვი) ფუნჯებს მიანიჭეთ უპირეტესო მშრალი, ფხვიერი  პროდუქტების (თვალის ჩრდილი, რუჟი/რუმიანა, სახის პუდრი) წასასმელად. თმის სირბილე სასურველი პროდუქტის უფრო ბუნებრივ,  კარგ გადანაწილებას უწყობს ხელს. სინთეტიური მასალისფუნჯები უკეთესია კრემოვანი პროდუქტების  გამოყენების დროს – როგორებიცაა: კონსილერი, კორექტორი, ტონალური, ტუჩსაცხი, აშ. ბუნებრივისგან განსხვებით სინთეტური უფრო უხეშია და კრემოვანი პროდუქტების უფრო ზუსტ და აკურატულ წასმაში დაგეხმარებათ.



1 comment:

  1. ეს სამივე პოსტი მეკუთვნის მე, აქედან პირველი ორი ჩემს გვერდზეა განთავსებული და პოსტი ფუნჯების შესახებ კი pink.ge-ზე. ძალიან გთხოვთ წაშალოთ ეს მასალა თქვენი ბლოგიდან ან სტატიის დასაწყისში გარკვევით მიუთითოთ წყარო.

    ReplyDelete